ბათუმში არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვია საპატიმროში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ლაბაძემ მოინახულა. მისი განმარტებით, პატიმარი კვლავაც განაგრძობს შიმშილობას. ბრალდებული მეექვსე დღეა შიმშილობს, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფდა.
გიორგი ლაბაძე ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ჩხვირკვია 20 ივნისის შემდეგ შიმშილობს და ამ ფორმით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს და თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შეფარდებაზდ უარი უთხრა სასამართლომ.
სახალხო დამცველის წარმომადგებლის ინფორმაციით, ჩხვირკვია დღეს სავარაუდოდ შიმშილობას შეწყვეტს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.