თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მიწისზედა მეტრო ან ტრამვაის ხაზი ამუშავდება, -ამის შესახებ მან “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა:
“ლაპარაკია მიწისზედა მეტროზე ან ტრამვაიზე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება. დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრთნაკადს 300 მიკროავტობუსი ემსახურება. რკინიგზის გადატანის შემთხვევაში თავისუფლდება სივრცე, რომლის გამოყენებით ჩნდება შესაძლებლობა, თბილისი მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით რუსთავს დაუკავშირდეს. არსებული სალიანდაგო ხაზი რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ ყარაჯალამდე ჩადის და იქიდან ძალიან პატარა მონაკვეთია, რომლის დაკავშირება რუსთავთან, ფაქტობრივად, ერთი ხიდით შეიძლება და მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა. სატრანსპორტო ჰაბი შესაძლებელია “სამგორის” მეტროსთან გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით წავიდეს “ისთ პოინტამდე”, ლილომდე და ასევე, რუსთავამდე. მიდის მუშაობა საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაზე. სამგორსა და ვაზისუბანში იყო სამგზავრო ტიპის საბაგირო გონდოლები, 22-25 კაცზე გათვლილი. ახლა გრანტის ფარგლებში გაკეთდება პროექტი და ზემოხსენებული ჰაბიდან შესაძლებელი იქნება ვაზისუბანში ან თბილისის ზღვამდე საბაგიროთი მგზავრობა.”-აღნიშნა მუმლაძემ.

