ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს გვაცალოსო,-ამის შესახებ მამა შალვა კეკელია ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ის მეუფე პეტრე ცაავას განცხადებებს აფასებს და პატრიარქის პოზიციებს აღნიშნავს:
”როცა ეკლესიას შიგნიდან გებრძვიან, ძალიან რთულია. ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს გვაცალოსო, მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-თქო. მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო. პატრიარქი უფრო შორს ხედავს. მას უკან ჰყავს უდიდესი ჯარი სამღვდელოების სახით, ჩვენი ერის, მამულიშვილების სახით”, – განაცხადა მამა შალვამ.
მამა შალვა კეკელიას განმარტებით, არსებობს საეკლესიო კანონი იმის შესახებ, რომ სანამ განაჩენი არ დადგება, იქამდე მისი ზიარება არ შეიძლება:
”ჯერ არ არის გარკვეული, არის თუ არა დამნაშავე. როცა ადამიანი სჩადის დანაშაულს და ნანობს, მაშინ ჩვენ მისი ზიარება შეგვიძლია, მაგრამ დეკანოზი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჯერ კი მისი უდანაშაულობა არ არის დადგენილი. რომ აღმოჩნდეს დამნაშავე და ვაზიარებთ მოუნანიებელს, ეს ხომ უფრო მეტად დააზიანებს? მთელი არსებით მინდა, რომ დეკანოზი გიორგი არ იყოს დამნაშავე, ეს უნდა პატრიარქსაც”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.