აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის ცნობით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, როგორც მუსტაფაევა ამბობს, მუხთარლის გული აწუხებს და მას ბოლო რამდენიმე დღეა შესაბამის წამლებს არ აძლევენ:
“აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის კარდეოლოგმა მოინახულა. ექიმის დასკვნით, მისი პატიმრობაში დარჩენა დაუშვებელია. ყველაფერს ემატება ისიც, რომ მას საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანის დროს სცემეს. წესით ახლა აფგან მუხთარლი ჰოსპიტალში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ მისთვის ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებიც კი არ მიუწოდებიათ.
ჩვენ დავამყარეთ კავშირი აზერბაიჯანულ მთავრობასთან. მათ აქვთ კითხვები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. პარალელურად, საქართველოში მომუშავე ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კითხვებს უპასუხა. ის შესაბამის დოკუმენტაციას სტრასბურგში გადააგზავნის.”- განაცხადა მუსტაფაევამ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს საპყრობილეში აღმოჩნდა. მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.