საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მსახიობ დათო როსტომაშვილზე თავდამსხმელის გაქცევის გამო შსს-ს სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა:
“საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ზ. გ.-ს, ა. ტ.-ს და ი. ქ.-ს ბრალი წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი რაიონის თანამშრომლებმა დ.რ.-ზე ყაჩაღობის მიზნით განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს ბ. კ., რომლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირება დაევალათ ამავე განყოფილების თანამშრომლებს – ზ. გ.-ს, ი. ქ.-სა და ა. ტ.-ს.
შსს ქ. თბილისის პოლიციიის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ყოფნისას, სადაც ასევე მდებარეობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, დასახელებული თანამშრომლები დაუდევრად მოეკიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რითაც ისარგებლა დაკავებულმა და ტერიტორიიდან მიიმალა.
2017 წლის 23 ივნისს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო და გადაყენებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.”-ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სამ თანამშრომელს სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ:
“მოგახსენებთ, რომ მიმდინარე საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, შს სამინისტრო ბოლო დღეების განმავლობაში თავს იკავებდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან. თუმცა, ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გამო, რათა თავიდან იქნას აცილებული ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება:
მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქე დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის – ზ.გ.-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – ა.ტ.-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის – ი.ქ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.
ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი.”-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს დაახლოებით 15 საათზე, ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე, ცნობილ იუმორისტ – დათო როსტომაშვილს თავს უცნობი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა და ბეისბოლის ბიტით სცემა.

