საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. მისი თქმით, ეს არის დღევანდელი რეალობა და მისი გაუქმება, ქვეყნისთვის ნულოვანი ზიანის მომტანი იქნება. კობახიძე თავდაცვის სფეროს ექსპერტების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უშიშროების საბჭოს გაუქმება ჰიბრიდული ომის დროს ცუდი იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.
”დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. ეს არის დღევანდელი რეალობა.
მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე. ნულოვანი იქნება ეს გავლენა. ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად არის მოკლებული ფუნქციებს. ესეც არის ერთ-ერთ სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება.
რაც შეეხება ე.წ. თავდაცვის ექსპერტებს, ეს ადამიანები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და სამწუხაროდ, მათ ეწოდებათ თავდაცვის ექსპერტები.
ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის მოწესრიგება. ეს არის ჩვენი არჩევანი, პროგრამული პასუხმისმგებლობა. ეს დაპირება ჩვენ მივეცით ამომრჩევლებს 2016 წლის არჩევნების წინ. ეს დაპირება სრულდება, როგორი ხელშემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს, ხელს ბოლომდე ვერავინ შეგვიშლის ამაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.