პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, უწმინდესი კარგად ერკვევა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსში. მისი განცხადებით, იმის თქმა, რომ უწმინდესს სათანადო ინფორმაცია არ აქვს, ტყუილია.
პატრიარქის მდივანმა ეს კომენტარი გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პატრიარქი ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
“უწმინდესი კარგად ერკვევა ამ საკითხში. იმის თქმა, რომ უწმინდესს არ აქვს ინფორმაცია და არ იცის, რა ხდება, მათი მხრიდან იყო ძალიან არასწორი. პატრიარქს ჰქონდა კითხვები თორნიკე მამალაძის მიმართ და რამდენიმე შენიშვნა მისცა. თუ სურვილი აქვს, გაიხსენოს, რაზე მისცა მას უწმინდესმა შენიშვნა და ეს მას კარგად ემახსოვრება“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
ბოტკოველის თქმით, შეხვედრაზე პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს უთხრა, რომ არანაირი ინტერესი არ არსებობს მისი მხრიდან სასულიერო პირი დაკავებული იყოს.
„სახელმწიფომ ამხილა ის და სახელმწიფოა ბრალმდებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ჩვენ სახელმწიფოს ვერ შევეწინააღმდეგებით, სახელმწიფო ცდილობს დაასაბუთოს მამა გიორგის ბრალეულობა, ისევე როგორც დაცვის მხარე ცდილობს დაასაბუთოს მისი უდანაშაულობა. ეს ჭიდილი უნდა გაგრძელდეს და ჩვენ დაველოდებით შედეგს“, – განაცხადა მამა მიქაელმა.
შეგახსენებთ, გუშინ პატრიარქი დაკავებული დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცახადა, რომ მას პატრიარქთან საუბრის დროს, მისი გარემოცვა სიტყვას აწყვეტინებდა, რაც იწვევდა ეჭვს, რომ გარემოცვა ცდილობდა უწმინდესს სიმართლე არ გაეგო.