ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებულების, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის ოჯახის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნით მიმართავენ, სასამართლო პროცესებში ჩაერთოს და დაკავებულების გათავისუფლება უზრუნველყოს.
„უპირველესი მოთხოვნაა, უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება. აჭარის პროკურორ ლევან პაქსაშვილთან შეხვედრას და საქმეზე გასაუბრებას ვითხოვთ. აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ პროკურატურის ქმედებები გავაპროტესტოთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “იმედთან”.
დაკავებულთა ადვოკატები პროკურორ ლევან პაქსაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიზირებულია და საქმე პილიტიკურ ჭრილში არ უნდა გადაწყდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა პროცესი დღეს, 13:00 საათზე განახლდება.
გუშინ გამართულ პროცესზე ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმე განიხილეს, რომლებსაც გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.