„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს ატყუებენ, ვინაიდან მმართველი გუნდი ძალაში ტოვებს შერეულ საარჩევნო სისტემას.
“უმრავლესობა ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო სიატემაზე. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში. დღეს გაირკვა, რომ ძალაში რჩება შერეული საარჩევნო სისტემა. აპირებენ საარჩენო ბარიერის დაწევას და ამით გარკვეული პარტიების მოთაფვლას. ადგილი აქვს ქართველი ხალხის მოტყუებას. ეს არის გზა ხელისუფლების უზურპაციისკენ, ეს არის გზა მიხეილ სააკაშვილიზაციისკენ. თუ რვა წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს ეს სისტემა, დღეს რატომ განვიხილავდით მის შემოღებას?! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგგარეშე სხდომებში და ამ პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვაში. ქართველ ხალხს არსად ეჩქარება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა და მიუთითა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები ნაჩქარევად არ შეიტანონ. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური უარი, რადგან პარლამენტს მაინც შეუძლია რიგგარეშე სხდომის მოწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომა დღეს დანიშნა. რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ უშიშროების საბჭოსა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების საკითხს.