თბილისის მეტროს ახალი სადგურის “უნივერსიტეტის” მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მეტროსადგური რამდენიმე კვირა სატესტო რეჟიმში იმუშავებს, სექტემბრიდან კი მოქალაქეებს მოემსახურება.
სოციალური ქსელის მომხმარებელმა მირზა გოგოჭურმა მეტროსადგურის სურათები გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მათი დიდი ნაწილი ახალ მეტროსადგურს აბაზანას ადარებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 83,000,670 ლარია და იგი დაკონსერვებული გვირაბების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო. დაკონსერვებული გვირაბების რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური შენდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით.
პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. მიმდინარეობს სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, კეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი.
ფოტოები: მირზა გოგოჭური