”ცხოვრებაში ყველაფერი ხდება”, – ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
”მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა გადაწყვეტილებების მიღება გახლავთ. ბოროტი ენები ამბობენ, რომ ყველა მნიშვნელოვან და ხანდახან უმნიშვნელო გადაწყვეტილებებსაც მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს და ისიც მთავრობის წევრი არ არისო.
საინტერესოა, ამ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს ჩამოშორდეს აქტიურ საქმიანობას და ხანგრძლივ შვებულებაში წავიდეს დასასვენებლად
1 – მოხდება თუ არა ამ ხელოვნურად შეკოწიწებული სამთავრობო გუნდის პარალიზება?
2 – დაიწყება თუ არა შიდა დაპირისპირებები სხვადასხვა კლანებსა და ჯგუფებს შორის?
3 – ჩაერევა თუ არა ჩვენი მეზობელი ჩრდილოეთიდან ამ პროცესში მისთვის განსაკუთრებულად სასურველი პროტეჟეს გასაძლიერებლად?
IMHO, “იმ ადამიანის” პოლიტიკური აქტივობის შემცირება სწორედ ამ პროცესებს გამოიწვევს. მიჩნდება კითხვა, ამ სიტუაციაში ოპოზიციის ქმედებები უნდა მაქსიმალურად გააქტიურდეს თუ კვლავ პასიური ჯაჯღანის რეჟიმში გაგრძელდეს? გააქტიურება რა ქმედებებს ითვალისწინებს?
P.S. რაც ზემოთ დავწერე ჰიპოთეტიური სცენარი გახლავთ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მაინტერესებს როგორია თქვენი შეხედულებები ასეთი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში”, – წერს მამუკა გამყრელიძე.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში საუბრები მიდის ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გავრცელდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ივანიშვილის ახლობლები მსგავს ინფორმაციას უარყოფენ.