ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დარბაზში ჩემი ფაქტობრივი დამკავებლები სხედან”: ირაკლი ჩხვირკვიას თქმით, პროცესზე სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მისი ფაქტობრივი დამკავებლები იმყოფებიან.

“დარბაზში, რომ გადავხედე ჩემი ფაქტობრივი დამკავებლები აქ სხედან”, – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

საქმის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განმარტა, რომ სასამართლო სხდომა საჯაროა და აღნიშნულ პროცესებს სასამართლო ვერ გააკონტროლებს.

ჩხვირკვიას ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, სასამართლოს დაწყებამდე სუს-ის თანამშრომლები სხდომათა დარბაზთან სპეციალურად იყვნენ მობილიზებული. ონიანის თქმით, სუს-ის თანამშრომლების ქმედება ეჭვებს ბადებს, რომ სასამართლო პროცესების გაკონტროლებას ცდილობენ.

“საქმეში უხეშად ერევიან სასამართლო დარბაზში მყოფი ძალოვანი უწყების თანამშრომლები. ისინი მანდატურის სამსახურმა წინასწარ შემოუშვა, მათ იარაღები სასამართლოს სეიფში შეინახეს. როგორც ხედავთ სხდომათა დარბაზში ახლობლები ვერ შემოდიან. ეს ქმედება საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს, რომ სუს-ი სასამართლოს გაკონტროლებას ცდილობს. მათ არც ირაკლი ჩხვირკიას და არც მერაბ ღოღობერიძის ინტერესი არ აღელვებთ. ისინი სასამართლოს ტუალეტებთან იდგნენ და სპეციალურად შემოვიდნენ დარბაზში და დაიკავეს ადგილები”,- განაცხადა გოგა ონიანმა სხდომის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკისა და მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მათ ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

იტვირთბა....