რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიის ცაზე ინციდენტების თავიდან აცილების მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-სთან ურთიერთქმედებას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ცაზე, ევფრატიდან დასავლეთით „საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები და უპილოტო საფრენები რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიერ იქნება კონტროლზე აყვანილი“.
„სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის განადგურება აშშ-ის ავიაციის მიერ სირიის საჰაერო სივრცეში სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტის ცინიკურ დარღვევას წარმოადგენს. აშშ-ის მხრიდან „ტერორიზმთან ბრძოლის“ საბაბით აშშ-ის ავიაციის საბრძოლო ქმედებები გაერო-ს წევრი ქვეყნის კანონიერი ძალების წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და ფაქტობრივად, სამხედრო აგრესიას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, დაადასტურა სირიაში, რაქის რაიონში თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, საერთაშორისო კოალიციის შტაბის განცხადებით, სირიული Су-22, რომელიც ბომბავდა „დემოკრატიული სირიის ძალებს“, ამერიკული ბომბდამშენის მიერ იქნა ჩამოგდებული.
კოალიციაში აცხადებენ, რომ არ სურთ კონფლიქტი არც სირიულ რეჟიმთან და არც მათ მხარდამჭერ რუსულ და სხვა ძალებთან, მაგრამ ყოველთვის დაიცავენ თავიანთ პარტნიორებს.
15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა, სამხრეთ სირიაში, აშშ-ის კოალიციის ძალების საწვრთნელ ბაზასთან ახლოს, შორ მანძილზე სროლისთვის განკუთვნილი HIMARS-ის სარაკეტო სისტემები განალაგა.
6 ივნისს, აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციურმა ძალებმა სირიის ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებზე, ავიაიერიში განახორციელეს. 8 ივნისს კი, აშშ-ის კოალიციურ ძალებზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, აშშ-ის კოალიციამ სირიის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.