ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის რაც ვერ შეძლეს მათ, გავაკეთეთ ჩვენ”: სააკაშვილი პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის შესახებ წერს და პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

“როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ჩვენი თხუთმეტი მეზღვაური დააკავეს, თბილისში შევქმენი შტაბი და სომალში ვაფრინე ჯგუფი გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. გიორგიმ, თავის მხრივ, იქირავა სპეციალური დანიშნულების რაზმი ბულგარეთიდან და ადგილობრივი ძალოვნები და რამდენიმე კვირიანი მცდელობის შედეგად, ყველა ჩვენი მოქალაქე უვნებელი გამოვიხსენით, ასევე მათთან ერთად გავათავისუფლეთ რამდენიმე თურქი მძევალი. გათავისუფლებულებს სტამბულის აეროპორტში წითელ ხალიჩაზე ერდოღანთან ერთად დავხვდი და მთელი თურქეთი მადლობას გვიხდიდა. ის, რაც ვერ შეძლეს მათ, გავაკეთეთ ჩვენ. თუ მართალია ჩვენი მფრინავის კონგოში დაღუპვის ამბავი, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც ჯერ თითქმის ნულამდე შეამცირა საქართველოს საჰაერო ძალები და სიმწრით მომზადებულ მფრინავებს აიძულა ლუკმა პურის საშოვნად უცხოეთში წასვლა და შემდეგ განსაცდელში მიატოვა სოსო ოსორაული”.

შეგახსენებთ, ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ, რომელიც კონგოში დაატყვევეს, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის ცოცხალია თუ არა საქართველოს მოქალაქე.

იტვირთბა....