კიევში ლგბტ მოძრაობების მიერ ორგანიზებული „თანასწორობის მარშის” დასრულების შემდეგ რადიკალებმა ლგბტ აქტივისტები სცემეს. მარშში დაახლოებით 2,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილოება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უკრაინული გამოცემა Громадьское ავრცელებს.
როგორც უკრაინელი ჟურნალისტი Facebook-ზე წერს, ქალაქის ცენტრში რადიკალები მარშში მონაწილე ისრაელის მოქალაქეს დაესხნენ თავს:
“მე და ჩემს კოლეგას Associated Press-დან ფოტოების გადაღების უფლება არ მოგვცეს, სიტუაცია საკმაოდ საშიშია”, – წერს ჟურნალისტი.
ტელეკომპანია”112 Украина”-ის ცნობით, ამ დროისთვის 7 ადამიანია დაკავებული.
მსვლელობა პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართა. რამდენიმე ათეულმა ნაციონალისტმა მარშის მონაწილეებს გზა გადაუღობეს. რადიკალებმა ადრე განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ ამ მსვლელობას. მათ ლგბტ დროშაც დაწვეს.
ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევში არაერთხელ გაუმართავს აქცია, სადაცა სექსუალური უმცირესობების უფლებების გაზრდას ითხოვდნენ. 2015 წელს ასეთივე აქციაზე დაპირისპირების დროს 11 პოლიციელი და აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 2016 წლის მსვლელობაზე კი ერთი ადამიანი სცემეს.