ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხი განიხილა და საბოლოოდ რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ:
ევროპარლამენტი მტკიცედ გმობს თბილისში აფგან მუხთარლის გატაცებას და მის შემდგომ თვითნებურ დაკავებას ბაქოში. აღნიშნულს განიხილავს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევად და გმობს ამ სერიოზულ კანონდარღვევას.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და შესაბამისად, დამნაშავეების დასჯა.
ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების შესაძლო ჩართულობას.
ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მესამე ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან პოლიტიკურ თავშსაფარს ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის თაობაზე, რომლის მონაწილე საქართველოა.
ევროპარლამენტი მტკიცედ გმობს აფგან მუხთარლის დევნას ყალბი ბრალდებების საფუძველზე დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობისთვის.
ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი, ასევე ყველა ის, ვინც დაპატიმრებულია ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის გამო“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.
მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.