საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის გამოჩენის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ბარამიძეს სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩენის მორალური უფლება არ აქვს.
მათი მტკიცებით, ბარამიძემ “კოდორის ხეობის დაბომბვის” განკარგულება გასცა. აქციის მონაწილეების შეურაცხმყოფელ განცხადებებს თავად ბარამიძე არ გამოხმაურებია. ხმაურის შემდეგ, აქციაზე ორი პირი დააკავეს. თუმცა პოლიციამ ისინი მოგვიანებით გაათავისუფლა.
„კოდორის ხეობის დამბობმველი და სვანეთის მტერი ვინც იყო, გია ბარამიძე რომელიც მოვიდა, მივედით და ვუთხარით, რა ნამუსით მოხვედი შენ სოსო ოსორაულის აქციაზე, რომელმაც დაავალა კოდორის ხეობის დამბობვა და ეს ბრძანება სოსო ოსორაულმა არ შეასრულა. ქართული სოფლები არ დაბომბა, უკან მობრუნდა და ამის გამო უდიდესი პრობემები ჰქონდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოსო ოსორაულის ნაწილში ჩაატარა „ენვერის“ ოპერაცია“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ერმილე ნემსაძემ.
მისი თქმით, სოსო ოსორაულმა ის 2008 წლის აგვისტოში გადაარჩინა. ამიტომ მის გამო ის ყველგან და ყველას წინაშე იბრძოლებს. აქციის მონაწილე ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს უფლება არ აქვთ ოსორაულის სახელიც კი ახსენონ, რადგანაც მათი მიზეზით არის, რომ ის დღეს კონგოში ტყვედ არის ჩავარდნილი.
„მე სოსო ოსორაულმა 2008 წლის აგვისტოში გადამარჩინა. სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, მისი გულისთვის ვიბრძოლებ ყოველთვის. ასეთი არაკაცები არ უნდა მოდიოდნენ აქ. სირცხილი ამ მთავრობას და სირცხვილი ყველას. ოსორაული ასეთი არადამიანის ბრძანებებს არასდროს ასრულებდა, მან საკუთარი ხალხის დაბომბვაზე უარი განაცხადა და ამის გამო ჯოჯოხეთი მოუწყეს“,-განაცხადა ოსორაულის მეგობარმა.
მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ირწმუნება, რომ ის ცოცხალია.