სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები, ძმები გია და ლევან ყარამანიშვილები, განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარი რუსთავი2-ში შექმნილ ვითარებას ეხება.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანია რუსთავი2-ში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:
“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან – მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით, როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ. აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით.
“მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია, განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან რუსთავი2-ის დაცვაში ფასდაუდებელია.
“დაბოლოს, ტელეკომპანიის კოლექტივს გვინდა, ვაცნობოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე. აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება, მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა დაკომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება”.