ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე ორი მოქალაქე დააკავეს. აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მოვიდნენ, რამაც რამდენიმე მოქალაქის გაღიზიანება გამოიწვია. მათ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

სოსო ოსორაულის მხარდამჭერმა აქციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან პარლამენტთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეების უმეტესობა თბილისში ქვემო ალვანიდან ჩამოვიდა. ისინი სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებენ და მფრინავის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქე, თუნდაც ის აფრიკაში იყოს.

მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Fაცებოოკ-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.

სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ირწმუნება, რომ ის ცოცხალია.

იტვირთბა....