ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონგოში დატყვევებული მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეების უმეტესობა თბილისში ქვემო ალვანიდან ჩამოვიდა. ისინი სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებენ და მფრინავის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქე, თუნდაც ის აფრიკაში იყოს.

მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა სოციალურ ქსელში  გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.

სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ირწმუნება, რომ ის ცოცხალია.

იტვირთბა....