რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან საზღვარი უნდა გაიხსნას და საერთოდ გააუქმოს.
მისი თქმით, სამოკავშირეო და ინტეგრაციის ორმხრივი ხელშეკრულების საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის. ამის შესახებ განცხადება სურკოვმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
“ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება, ღრმად არის რეალიზებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უნიკალურ დონეზე ახდენს სამხრეთ ოსეთის სამხედრო ნაწილებთან ინტეგრაციას.
უფრო მჭიდრო ხდება ურთიერთობა შს სამინისტროების, შექმნილია საერთო საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრი. ჩვენ ასევე ვზრდით სოციალურ დახმარებებს და ვცდილობთ დავაახლოოთ ხელფასები და პენსიები რუსეთის ფედერაციის რეგიონებს.
პირველად ამ ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთმა გადაწყვიტა უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევით და ახლა ამ რთული საკითხის დამუშავება მიმდინარეობს,”-განაცხადა სურკოვმა.