ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საბოტაჟი არ წყდება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არ წყდება ტყუილები, შეტევა პარლამენტზე, კომისიაზე და  საბოტაჟი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ისმის პირდაპირი ტყუილი ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით.

„გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს  შესაბამისი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით გვაქვს დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

გარდა ამისა, როდესაც ფიქრია ჩიხრაძემ დაიწყო თავისი პრესკონფერენცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მისი პირველი სიტყვა იყო გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს.

ეს თვითონ მან ბრძანა და დაადასტურა, რომ ჰქონდა დოკუმენტი მიღებული, გაეცნო ამ დოკუმენტს და ამის საფუძველზე ჩაატარა ბრიფინგი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პირდაპირი ტყუილი. ამაში ქალბატონ ანას ვერ დავადანაშაულებ, როცა საუბრობს საპარლამენტო მდივანი, საუბრობს არა ქალბატონი ანა, არამედ პრეზიდენტი.

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ასეთ რამეებს ვისმენთ ხოლმე, ძალიან დამღლელია ყველაფერი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ოთხი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიის არც ერთ სხდომას არ დასწრებია და არ მიუღია მონაწილეობა.

“როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ოთხ თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში, რა მორალური უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს იმ ფორმით გვესაუბროს კონსენსუსზე, როდესაც ის ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში. მოგვიწოდებენ, რომ არ ვიჩქაროთ, რა მორალური უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს მოგვიწოდოს დროსთან დაკავშირებით მოქმედებაზე, როდესაც ის ოთხი თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას არ დაესწრო.

არ წყდება ტყუილები, არ წყდება შეტევა პარლამენტზე, კომისიაზე, არ წყდება საბოტაჟი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი გაიაზრებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის ჩავარდა.

არ დაესწრო კომისიის სხდომებს, დაიწყო შეტევა კომისიაზე და ახლა აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან მომზადდა დოკუმენტი, რომელიც არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს  ნამდვილად დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის ფორმის სისტემას”, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....