„მეტრონომი“: სასამართლოდან
ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს სხდომის ღიაობის შუამდგომლობას, რის შემდეგაც დაიწყება შესავალი სიტყვების წარმოთქმა მხარეების მიერ.
”სხდომის დახურვის მთავარი საფუძველი იყო, რომ თითქოს საქმეში არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ინფორმაცია, ვიდეომასალა და ა.შ. მთავარმა პროკურორმა განაცხადა რომ საქმეში არ არის არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი.
ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ამოვიღეთ ეს როგორც ოფიციალური დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება. ამას შევიტანთ როგორც ახალ მოპოვებულ მტკიცებულებას , ახალ გამოვლენილ გარემოებას და ამის საფუძველზე მოვითხოვთ პროცესის ღიაობას. იმედს ვიტოვებ, რომ ისეთ აბსურდამდე არ მივა საქმე რომ თავიანთი პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას ესენი უარყოფენ.
დღეს ნომერ პირველი მსჯელობა უნდა იყოს, სასამრთლო სხდომის საჯაროობაზე. ამის შემდეგ გადავალთ მხარეთა შესავალ სიტყვებზე” – აღნიშნა ფანცულაიამ ჟურნალისტებთან.
ხოლო ბრალდებულის მეორე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მან სარჩელი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ შეიტანა დეკანოზის პატივისა და ღირსების შელახვისთვის.
”ჩვენ ვითხოვთ რომ მან უარყოს ყველაფერი და მატერიალური ზარალის გამო დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა. თუ ის საუბრობდა 50 მილიონის ფულის გათეთრებაზე, ახლა გადაიხადოს 50 000”_ აღნიშნა რამიშვილმა ”მეტრონომთან”
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღევანდელ პროცესზე დაუშვეს. მისი თქმით, მას გუშინ დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პროცესზე დასწრება შესაძლებელი იყო.
”მე როგორც ადრე ვამბობდი, სახალხო დამცველს აქვს სრული უფლებამოსილება, ნებისმიერ დახურულ პროცესს დაესწროს და დღეს მომეცემა ამის შესაძლებლობა. გუშინ ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო დასწრება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კანონი ძალიან ცალსახად აცხადებს, სახალხო დამცველს აქვს ამის უფლება და ამის დადასტურებაა დღევანდელი ეს პასუხიც.
ჩვენი მიზანია პროცესის მონიტორინგი. დამოუკიდებელი, ნეიტრალური წარმომადგენლის დასწრება პროცესზე. ჩვენ მაქსიმალურად, დეტალურად დავაკვირდებით პროცესებს და შევისწავლით თუკი რაიმე დარღვევა იქნება. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ, მაგრამ არა დაუყოვნებლივ. ჩვენ პერიოდულობით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას.
ვამბობდით, რომ მხოლოდ გარკვეული პროცესების დახურვა იქნებოდა გამოსავალი. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენც ვერ მოვისმინეთ დასაბუთება იმის, რატომ უნდა იყოს მთლიანად, მთელი პროცესი დახურული.
ამის დამადასტურებელი რეალური არგუმენტები დღემდე ვერ მოვისმინეთ. ამიტომ ჩვენც ვიზიარებთ მოსაზრებას იქიდან გამომდინარე რომ არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. თავად საპატრირარქოს იურისტიც არის მომხრე რომ პროცესი იყოს საჯარო და ასევე ბრალდებული” ,-ამბობს ნანუშავილი „მეტრონომთან“
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს, მას ბრალად მკვლელობის მომზადების მცდელობა ედება.
ავტორი: ნინო ცხადაია