გუშინ ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სახელით მის “ფეისბუქის” გვერდზე განცხადება ვრცელდება. სპორტსმენი წერს, რომ ის გაუგებრობის მსხვერპლია და აშშ-ს პოლიციამ შეცდომით დააკავა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“ და დაკავებულებს შორის ავთანდილ ხურციძეც არის. სპორტსმენი იმედოვნებს, რომ ეს გაუგებრობა მალე გაირკვევა და მას უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ.
“მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ავთანდილ ხურციძის მამა შვილის დანაშაულს გამორიცხავს. ომარ ხურციძის თქმით, ოჯახს დაკავების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს,თუმცა თუ ის დაკავებულია, ადგილი აქვს გაურკვევლობას,-ამბობს მსოფლიო ჩემპიონის მამა. ოჯახი ამ დრომდე ცდილობს შეერთებულ შტატებში მყოფ სპორტსმენთან სკაიპით დაკავშირებას.
ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულთაგან 15 ქართველია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს საელჩო ამერიკაში აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და ამბობენ, რომ ამერიკაში ჯერ ღამეა და როგორც კი სამუშაო დღე დაიწყება, ისინი დეტალების გარკვევას დაიწყებენ.