ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცემა და გაუპატიურების მუქარა: ბრალდებულმა პროკურატურას ჩვენება მისცა

ბრალდებული დავით გამხუაშვილის ადვოკატი, რომელიც სამართალდამცველებს წამებასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ ის გლდანის სასაფლაოების მიმდებარედ არასასურველ ინციდენტს შეესწრო, რის გამოც ის დააკავეს.

დაკავებულმა მასზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მიცემულ ჩვენებაში მან დეტალურად აღწერა ის ქმედებები, რომელსაც სამართალდამცავები მის მიმართ სჩადიოდნენ. უფლებადამცველის განცხადებით, დავით გამხუაშვილმა მოძალადე სამართალდამცველების სახელები და გვარები არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა შეუძლია.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ცემაში დაახლოებით რვა სამართალდამცველი მონაწილეობდა.

მისივე თქმით, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, დაკავებული დროებითი დაკავების იზოლატორმა დაზიანებების სიმძიმის გამო  არ მიიღო.

უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლო ყოფილი სპეცრაზმელის დაყაჩაღებას ედავება.

„როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, დაახლოებით 8 კაცამდე მირტყამდაო, არც ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება არ მომცესო. როდესაც უკვე გათენდა თქვეს, რომ დროა, წავათრიოთო. წაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. არ მიიღეს, ყველგან გონი ეკარგებოდა,“ – განაცხადა ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ.

მისი თქმით, დავით გამხუაშვილი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე შეესწრო არასასურველ ინციდენტს  და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ტყებუჩავა ირწმუნება, რომ სწორედ ეს გახდა გამხუაშვილის დაკავების მიზეზიც.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი როდესაც დანიშნულების ადგილზე მიდიოდა, მას შემოესმა ქალის კივილის ხმა. ქართველი მამაკაცები ვართ და დავინტერესდებოდით, დავეხმაროთ თუ არა. როდესაც მივიდა მანქანის უკანა მხარეს იჯდა ორი ადამიანი, კაცი და ქალი და კივილი კი არა უფრო სექსუალურ აქტს ჰგავდაო. როდესაც ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ მე კივილი შემომესმა და დახმარება მინდოდაო, აგრესიული პიროვნება, შიშველი გამოვიდა ცეცხლსასროლი იარაღით,“ – აცხადებს ცოტნე ტყებუჩავა.

აღნიშნულ ფაქტზე გუშინ განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც. მან წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

იტვირთბა....