“მამა კახაბერს თავიდანვე მივწერე, რომ პატრიარქთან შეხვედრა მსურდა” – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. მისი თქმით, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა მას მოგვიანებით, პასუხი გაუგზავნა, რომ პატრიარქი მზად იყო შესახვედრად.
“მე მამა კახაბერს ვთხოვე და მივწერე ადვოკატებთან ერთად პატიარქთან შეხვედრაზე, რაზეც მივიღე პასუხი, რომ ჩემს თხოვნას გადასცემდა პატრიარქს და გამაგებინებდა პასუხს. მეორე დღეს მომივიდა პასუხი, რომ პატრიარქი მზად არის შეხვედრისთვის. იქ არ უთქვამს, რომ ადვოკატები არ იყვნენ ნახსენები, ან პატრიარქი ამბობს უარს ადვოკატების მიღებაზე. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ პატრიარქი მიგვიღებდა ადვოკატებთან ერთად. ამის შემდეგ, რატომღაც, საპატრიარქოდან ვიღაცას შეეშინდა პატრიარქთან ადვოკატების მისვლის და საქმის დეტალების გაგების და დაბლოკეს ადვოკატები”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
”ელემენტარულად ადამიანს კითხვა, რომ გაუჩნდეს საქმესთან დაკავშირებით, მე ვერანაირ პასუხს ვერ გავცემ, ვინაიდან საქმის დეტალებს არ ვიცნობ გასაიდუმლოების გამო. წინა შემთხვევაში მივიღე პასუხი, რომ პატრიარქი შეხვდებოდა მხოლოდ ოჯახის წევრებს და ამას ექნებოდა დალოცვითი ფორმა, რაზეც იცით, რომ უარი განვაცხადე. უწმინდესთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვითარება ისეთია, რომ გვინდა მხოლოდ დალოცვითი ფორმა არ იყოს”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.