ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოწმე გირგვლიანის საქმეზე: რატომ სარგებლობდნენ პრივილეგიით გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები

დათა ახალაიას სასამართლო პროცესის დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნაზე ისაუბრეს.

სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი რამაზ ჭოხონელიძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა. მან ის პირობები აღწერა, რა პირობებშიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები სასჯელს იხდიდნენ.

როგორც მან პროცესზე განაცხადა, 2006 წელს დაწესებულებაში სპეციალურად 4 საკანი გაარემონტეს, აღჭურვეს ავეჯით, სხვადასხვა ინვენტარით და მალევე შეასახლეს გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები. მისივე თქმით, ოთხივე მსჯავრდებული სხვა პატიმრებისგან განსხვავებით პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ შორის სურსათის შეტანით, ახლობლებისა და ოჯახის წევრების შეუზღუდავი ვიზიტით, ციხის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებით და ა.შ. მისივე ინფორმაციით, ვიზიტები მსჯავრდებულებთან ძირითადად ღამის საათებში ხდებოდა.

ჭოხონელიძემ ისიც აღნიშნა, რომ მსჯავრდებულები სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებითა და კომპიუტერული ტექნიკით. სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსის თქმით, პატიმრებთან ასევე შედიოდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ბაჩო ახალაია და დავით ჩხუტუნიძე. მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ოთხივე მსჯავრდებული დაწესებულებიდან სწორე დავით ჩხიტუნიძემ გაიყვანა.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხულმა ორმა ყოფილმა მსჯავრდებულმაც დაადასტურა ჭოხონელიძის მონაყოლი. მათი თქმით, გერონტი ალანია ყველაზე ხშირად შედიოდა ციხის უფროსის კაბინეტში „გარკვეული საქმეების“ მოსაგვარებლად. მათი თქმით, ოთხ მსჯავრდებულს შორის რამდენჯერმე კონფლიქტიც მოხდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს დათა ახალაიას ბრალი აქვს წაყენებული.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლეს. თუმცა, ისინი ჯერ პრეზიდენტმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

იტვირთბა....