ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით იცვლება. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ცესკოში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის წარმომადგენელიც და პარლამენტის მიერ არჩეული წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მოქმედი “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკოში მხოლოდ პარტიების მიერ დანიშნული წევრები იღებენ, თუმცა ამ პროცესში საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრი არ იღებს მონაწილეობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი თავმჯდომარეს ცესკო ვერ აირჩევს, პროცესი პარლამენტში გადადის.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით მიიღებს ან მისი არჩევა პარლამენტში მოხდება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.