თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გამოძიებებზე მუშაობას ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი (OCCRP) გააგრძელებს.
როგორც OCCRP-ის განცხადებაშია ნათქვამი, აფგან მუხთარლი მუშაობდა როგორც OCCRP-ს პარტნიორ meydanTV-ზე ასევე, OCCRP-ზე.
„OCCRP გააგრძელებს მუშაობას აფგან მუხთარლის გასათავისუფლებლად, მისი დაპატიმრება არის საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევა და მისი გატაცება საქართველოში დანაშაულია.
მუხთარლი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესების შესახებ მუშაობდა. მის გათავისუფლებამდე OCCRP გააგრძელებს მუშაობას ამ თემებზე“- ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, როდესაც OCCRP- ის პარტნიორი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ბაქოში 2014 წელს დააპატიმრეს, OCCRP-მა გააგრძელა მუშაობა და გამოაქვეყნა ხადიჯას პროექტი, რომელიც ალიევის ოჯახის კორუფციული საქმიანობის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტების სერია იყო.
“მესიჯი ცხადია. შეგიძლიათ ჩვენი ერთი რეპორტიორი დააპატიმროთ, მაგრამ მის ადგილს ათობით ჟურნალისტი დაიკავებს. სიმართლე მაინც გამჟღავნდება,” – წერს ორგანიზაცია განცხადებაში.
29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლითაა დაწყებული.
თბილისში რამდენიმე დღეა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუხთარლის მხარდასაჭერ აქციებს მართავენ. დღეს, ჟურნალისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომზე თავზე ცელოფნის ტომრები ჩამოიცვეს.