ვიცე-პრემიერის და განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უფასო ფაკულტეტებზე ბარიერი აიწევს, ხოლო გრანტების მიღების სისტემა კი იცვლება. ამის შესახებ მან primetime-სთან განაცხადა,
“თავისუფალი ფაკულტეტების რაოდენობა არ შემცირდება, ბარიერი აიწევს. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვას უკეთ სწავლა უნდა სჭირდებოდეს და უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე სხვა ფაკულტეტზე. თავისუფალი ფაკულტეტები ცუდი სტუდენტების თავშესაფარი არ უნდა იყოს, პირიქით, უფასო ფაკულტეტზე სწავლის შენარჩუნებას უფრო მაღალი შედეგიანობა უნდა ჰქონდეს. ჩვენ რამენაირი ფიზიკოსები და აგრონომები კი არ გვჭირდება, არამედ მაგარი ფიზიკოსები და აგრონომები”- განაცხადა ჯეჯელავამ.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სახელმწიფო გრანტების სისტემის გადახედვა, მინისტრმა უპასუხა, რომ განათლების სამინისტრო დაფინანსების ახალ სისტემაზე მუშაობს.
“უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემა შესაცვლელია. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ეს სისტემა აკადემიურ შედეგებთან უნდა იყოს დაკავშირებული. დეტალებს ვერ გეტყვით. ამაზე მუშაობა წელს დამთავრდება და შემდეგი წლისთვის ჩაეშვება”- აღნიშნა ჯეჯელავამ.