საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიში წარუდგინა „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241–მა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა.
გასული პერიოდის მსგავსად, კვლავ მაღალია 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, გარდაიცვალა 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი.
საგანგაშო მდგომარეობაა ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. სკოლებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ე.წ. ბულინგის შემთხვევები. 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.
ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს და ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ძირითად გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს ასახავს.