ახალი ამბები ვიდეო მედია მთავარი პოლიტიკა

„უნდოდათ ჩემი ქალიშვილის გატაცება“: აფგან მუხთარლის მეგობარი ყვება (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=1Nz24E8Z36o

გატაცებული ჟურნალისტის მეგობარი ვიდაძი ისგენდეროვი ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს აშანტაჟებს

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერ აქციაზე მყოფმა მუხთარლის მეგობარმა, უფლებადამცველმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა ვიდაძი ისგენდეროვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ერთადერთი აზერბაიჯანელია, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში მიიღო. როგორც ის ამბობს, საქართველოს ხელისუფლება მას ეუბნება, რომ საქართველო დატოვოს.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობას აშანტაჟებს:

„მე ვარ ერთადერთი აზერბაიჯანელი, რომელმაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში. ჩემ გარდა, საქართველოს ისტორიაში არც  ერთ აზერბაიჯანელს არ მიუღია პოლიტიკური თავშესაფარი. მე ახლა დამიბარეს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა – მაქვს ვიდეო ჩანაწერებიც, რომელიც შემიძლია გაჩვენოთ, ისინი მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე საქართველოდან… აზერბაიჯანის მთავრობა აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და ეუბნება, რომ მე ვარ ყოფილი რევოლუციონერი, რომელიც აღმოვჩნდი საქართველოში და თითქოს ჩვენ აქ ორგანიზებას ვუწევთ ნარინჯისფერ რევოლუციას. არადა, თქვენც ხედავთ, რომ ჩვენ აქ ნორმალურად ვცხოვრობთ და საქართველო არ დაუშვებს, რომ ჩვენ აქ არაკანონიერი ქმედებებით ვიყოთ დაკავებული. ეს უბრალოდ ცილისწამებაა. აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს აშანტაჟებს იმით, რომ ეუბნება, – არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში ცხოვრობს 200 000 აზერბაიჯანელი.

სამჯერ მოხდა ჩემზე თავდასხმა და საქართველოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამ მთავრობამ გვითხრა, რომ აქედან უნდა გავემგზავროთ. ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებ, ფაქტობრივად შინაპატიმრობასავით გვაქვს… მე დღეს ვეტყვი საქართველოს მთავრობას, რომ მოგვცენ იარაღი, სხვანაირად ვერ ვიცავთ თავს. მე მოვითხოვ იარაღს, რომ თავი დავიცვა.

მე მოვედი საქართველოში 2016 წლის 20 ივნისს. ერთ თვეში გამოვიდა შვეიცარიაში ჩემი სტატია სათაურით “აზერბაიჯანს მართავს მაფია”. ზუსტად ორ დღეში უნდოდათ ჩემი ქალიშვილის გატაცება, სამ დღეში კი ჩემზე მოეწყო თავდასხმა, უნდოდათ ჩემი მოკვლა. შემდეგ იყო თავდასხმა ჩემს ცოლზე“ – განუცხადა ჟურნალისტებს მუხთარლის მეგობარმა ვიდაძი ისგენდეროვმა.

აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისში დაიკარგა და მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისში დარჩა. ამის დამადასტურებელი, მისი მეუღლის პასპორტი აქციაზე მყოფმა გაუჩინარებული ჟურნალისტის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ის დაინტერესებულია თუ როგორ გადაკვეთა მისმა მეუღლემ საზღვარი საბუთების გარეშე.  ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა განუცხადა ”რადიო თავისუფლებას”.

როგორც ”რადიო თავისუფლება” იუწყება ადვოკატზე დაყრდნობით, მუხტარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

 

იტვირთბა....