საქართველოში დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ახორციელებდა თავის პროფესიულ საქმიანობას და კრიტიკულად იყო განწყოფილი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და საბოლოოდ ის აღმოჩნდა ბაქოში, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებაში.
თავად ჟურნალისტის ადვოკატი აცხადებს, რომ ის საქართველოს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გაიტაცეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო ზოლთან გადასცეს აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს.
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ გამოხატავს პროტესტს მომხდარი ფაქტის გამო და სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანელ კოლეგას.
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების მინისტრს, შს მინისტრს, სასწრაფოდ მიიღონ ყველანაირი ზომები და დაიწყონ გამოძიება იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც ულახავენ იმიჯს ქვეყანას.
განცხადების ასლი გაეგზავნა „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას“ (ifj.org), რომლის წევრი საქართველოში არის „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“.