ადვოკატის გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული ვაკე-საბურთალოს პოლიციის ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საქმის ირგვლივ მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობს, თუმცა პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ის ციხეში გაუშვას. მისი თქმით, პროკურატურამ სასამართლოზე ესპერტიზის პასუხები განზრახ არ წარმოადგინა, რადგანაც ამით მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდეს.
შეგახსენებთ, გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლებმა 8 ნოემბერს გამთენიისას განახორციელეს. ადვოკატის ინფორმაციით, იგი განყოფილებაში არასრულწლოვანი ბრალდებულის დასაცავად იმყოფებოდა და მას დუმილის უფლებით სარგებლობა ურჩია, რამაც პოლიციელთა აგრესია გამოიწვია.
“არ მეგონა თუ ჩემს საქმეზე კიდევ ერთხელ დავწერდი, მაგრამ დღეს ისეთი საოცრების მომსწრე გავხდი, თავი ვერ შევიკავე. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც კატეგორიულად განაცხადეს, რომ ადვოკატმა მდინარაძემ მიიყენა თვითდაზიანებები და ისინი ამის უშუალო თვითმხილველები არიან.
საქმეზე ასევე დაიკითხა ადვოკატი მდინარაძე და მისი მეუღლე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მდინარაძეს დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა. შესაბამისად, გამოძიების დროს გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც განსხვავებულ ვერსიას აწვდიდნენ გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
პროკურატურამ იმოქმედა კანონის შესაბამისად და სიმართლის გასარკვევად 2015 წლის 20 ნოემბერს დანიშნა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტიზას უნდა დაედგინა, მდინარაძემ დაზიანებები მიიღო მის მიერ აღწერილ ვითარებაში თუ პოლიციელების მიერ აღწერილ ვითარებაში. ექსპერტიზის დანიშვნიდან დღემდე გავიდა 1 წელი და 5 თვე.
დღეს სასამართლოში დაიკითხა საქმის გამომძიებელი ლევან ვერულაშვილი, რომელმაც ჩვენს კითხვას, თუ რატომ არ დაიდო ექსპერტიზის დასკვნა წელიწადნახევრის განმავლობაში, უპასუხა, რომ ექსპერტიზის დასკვნა თვეების წინ მოვიდა პროკურატურაში. მომდევნო კითხვას, თუ რატომ მალავას პროკურატურა ამ დასკვნას და რატომ არ გაგვიცვალეს პირველივე შესაძლებლობისთანვე გამომძიებელს პასუხის გაცემა დაასწრო პროკურორმა და განაცხადა , რომ ის არ თვლის აღნიშნული დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენას საჭიროდ.
მოკლედ და მარტივად, პროკურატურას პირდაპირ ჩაუწერეს დასკვნაში, რომ მდინარაძეს დაზიანებები არ მიუღია მის მიერ აღწერილ ვითარებაში, მოკლედ და მარტივად პროკურაურამ 100%-ით იცის, რომ უდანაშაულო ვარ, მაგრამ მაინც ჯიუტად არ ამბობს ბრალდებაზე უარს და ბაცაცა ხრიკებით ცდილობს ციხეში გამიშვას. 8 წელი ვიძიებდი სისხლის სამართლის საქმეებს და მსგავსი რამ არამცთუ არ მინახავს, არც კი მსმენია.
არ მსმენია პროკურატურას ასე გაექროს საქმიდან მთავარი მტკიცებულება, მტკიცებულება რომელსაც რეალურად უნდა გაერკვია მტყუან- მართალი. მეგონა, გამოძიებაში ჩემთვის საიდუმლო არაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ საიდუმლო კიარა წყალქვეშა კუნძულები ჰქონიათ. გულწრფელად გაოცებული ვარ, აქამდე ვფიქრობდი, რომ სიტუაციის მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება, რომ ვიღაცეები ვერ ივიწყებენ კონკრეტულ რაღაცეებს და პიროვნული მოტივები ამოძრავებთ ჩემს წინააღმდეგ”,-წერს სოციალურ ქსელში ლაშა კვირკვაია.