ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს კვლავ გადაიდო. როგორც “მეტრონომს” ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატებს საქმის უკეთ გასაცნობად დრო მიეცათ, რაც სასამართლო პროცესის გადადების საფუძველი გახდა:
“მოგეხსენებათ, როდესაც განკარგულება მიიღო მოსამართლემ ჩვენი გაძევების თაობაზე, სახაზინო წესით დაინიშნენ ადვოკატები. შესაბამისად, დღეს იყო ამ საკითხთან მიმართებაში განხილვა, თუ რა პოზიცია ჰქონდა მამა გიორგის, ჰქონდა თუ არა სურვილი, რომ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები საქმეში დარჩენილიყვნენ. მამა გიორგიმ და ჩვენ ყველამ თანხმობა განვაცხადეთ. მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პირები დარჩნენ საქმეში. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ საქმე სრულყოფილად არ აქვთ გაცნობილი, ვიდეო-აუდიო ჩანაწერების ნაწილი გუშინ ჩაბარდათ და რაღაც გარკვეული პერიოდი სჭირდებათ შესასწავლად, ეს იყო საფუძველი და მოთხოვნა, რომ თანასწორობის პრინციპი არ დარღვეულიყო და სრულყოფილი ინფორმაცია, პოზიცია ჰქონოდათ ჩვენ კოლეგებს. ამის გამო გადაიდო პროცესი, რომელიც იქნება 9 ივნისს, 11:00 საათზე და ის უკვე დაიწყება შესავალი სიტყვით.”-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი აცხადებს, რომ დეკანოზი განგებ აჭიანურებს სასამართლო პროცესებს. მისი თქმით, წინა სხდომა მან ჩაშალა, ხოლო დღეს კი ახალი საბაბი მოიფიქრა- სახაზინო ადვოკატები, რა მიზეზითაც სხდომა გადაიდო.