ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მჯერა, სიმართლე დადგინდება”: თვითმკვლელობამდე “ხასანას” სასტუმროს მეპატრონემ წერილი დატოვა

გუშინ გარადაცვლილი სასტუმროს “ხასანას” მეპატრონემ ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა.  ის წერილში სუიციდის მიზეზებს ხსნის და ამბობს, რომ მისი ცხოვრება  იმ ღამეს შეიცვალა, როდესაც სასატუმრო დაიწვა და სამი ბავში დაიღუპა.

ართმელაძე წერილში ამ უბედურ შემთხვევის შემდეგ, მისი ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბანკებმა ხანძართან ერთად მისი დარჩენილი ქონებაც წაართვა. ის წერილის ბოლოს ოჯახს ემშვიდობება და ღმერთს სთხოვს რომ ამ ცოდვისთვის შეუნდოს.

„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ, ქუჩაში, ბაღში, ზღვის სანაპიროზე“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც სავარაუდოდ, ოჯახი დღეს გამოაქვეყნებს.

ზაზა ართმელაძე წერილში წერს, რომ მისთვის აუტანელია ის ბრალდება, რასაც მას პროკურატურა ედევება.

„საქმის ვითარება სამწუხაროდ ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი, პროკურატურა მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ.

ამასთან ერთად, მეორე ბანკის სასამართლოზე მოსამართლე ვერ ხედავს ფორსმაჟორის დაურღვეველ ძალას და ყველაფერი, თუკი რამ დარჩა ოჯახს, უნდა წაერთვას მისი გადაწყვეტილებით. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები, შემინდოს თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე“, – წერს ართმელაძე და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ემშვიდობება.

ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ დაღუპული ბავშვების მშობლები ეჭვობენ, რომ ართმელაძე აიძულეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ისინი ამის შესახებ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონე ზაზა (ჯემალ) ართმელაძე გუშინ იპოვეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, მან თავი ჩამოიხრჩო.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს მოხდა – ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. ართმელაძე ამ ფაქტის გამო დაკავებული იყო და გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....