საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენება გააკეთა. მან ისაუბრა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების შენარჩუნებას მსოფლიოში. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ოკუპაციიდან გამომდინარე ქვეყნის წინაშე დგას. მისი განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო ზემოქმედება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება გახდეს შესაძლებელი.
მინისტრი საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მაპი არ არის მიზანი და ქვეყანას სურს ნატოს წევრობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება.ჯანელიძემ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს, რომლებიც საქართველოს საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ეხებოდა. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზას ადგას. მისი შეფასებით, კომიტეტის წევრთა მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ნატოში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა.
„მტკიცე, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება საქართველოში, ეს არის მხარდაჭერა ყველა იმ რეფორმისა და ქმედებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებს”, – განაცხადა მინისტრმა.