ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები  ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორს ვლადიმერ ჩაჩიბაიას ჩააბარეს.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფებია წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მათ შორის არიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები – პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ალფა ასეული, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის სექტემბერში შეუერთდა.

თავისუფლების მოედანზე არიან კადეტთა კორპუსის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მომზადებას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გაივლის.

პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

ღონისძიებას მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „მძლევარი“ შეასრულებს, ანსამბლი „ქართული ხმები“ კი სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ სიმღერას გააჟღერებს.

იტვირთბა....