ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წევრები ოთარ ფარცხალაძის საქმით დაინტერესდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ს მთავრობის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, დელეგაციის წევრები გენერალურ აუდიტორზე თავდასხმით შეძრწუნებულები არიან.
“არანორმალურია ვითარება, როდესაც ქვეყანაში ფიზიკურად უსწორდებიან გენერალურ აუდიტორს, რომელმაც ამხილა რიგი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები კორუფციაში. დელეგაციის წარმომადგენლები ძალიან შეძრწუნებულები არიან და ბუნებრივია ისინი არიან ინფორმირებულები. შესაბამისი რეაგირება და რეაქცია ვფიქრობ, რომ მათი მხრიდანაც იქნება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციას ხვდებიან. შეხვედრა საქართველო – შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოში შეერთებული შტატების ელჩიც ესწრება. “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო სისტემაზე აპირებს საუბარს. პარტიის ლიდერების თქმით, საუბარი შეეხება თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხსაც. დელეგაცია ევროპული საქართველოს წევრებთანაც გეგმავს შეხვედრას.
დელეგაციის წევრებს 25 მაისს, 15:00-16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც შეხვდება. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სკოტ ბასბი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მარგო ელისი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონული დირექტორი ეტრინ ნიუკომბი.