ავტორი: ელზა პაპოშვილი
ორთაჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ბრალდებით, ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა, ანი მურადელი 2 დღის წინ დააკავეს. ის საკუთარი დედის მკვლელობაშია ბრალდებული. შემთხვევა კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. თუმცა, რა მოხდა სინამდვილეში და რა გახდა დედა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი, არავინ იცის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც მურადელის მეზობლები „მეტრონომთან“ ამბობენ, მკვლელობის შესახებ მათ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც მურადელების ოჯახში სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია მივიდა.
მათი თქმით, არც გოგონა და არც მისი დედა მთელი დღის განმავლობაში არ უნახავთ. სახლიდან არც ჩხუბის და არც რაიმე საეჭვო ხმაური არ გაუგონიათ. შესაბამისად მათთვისაც უცნობია ვინ გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სასწრაფო დახმარებაში თავად ანი მურადელმა დარეკა.
„არავინ იცის სინამდვილეში 20 მაისის ღამეს რა მოხდა. მეზობლებს არც ხმაური და არც საეჭვო არაფერი გაგვიგონია. ანი და დედამისი მამის გარდაცვალების შემდეგ სახლში მარტონი ცხოვრობდნენ. ძალიან კარგი გოგო იყო.
ქალზეც ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვით. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ასწავლიდა, საკმაოდ განათლებული კულტურული ქალი იყო. არ ვიცი დედა-შვილს შორის რა ხდებოდა. როგორც ამბობენ მათ ურთიერთობაში გარე პირები ერეოდნენ. გოგონა ნაშვილები იყო და მის მიმართ როგორც თავად ამბობდა, ნათესავები დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდნენ. ანის დეპრესი მართალია ხშირად ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერებ, რომ მან გამზრდელი დედა ასე გაიმეტა. ანგელოზივით გოგონა იყო, ყველას ცხორებაში დგება მძიმე პერიოდი. ანის მამა განსაკუთრებით უყვარდა. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და გოგონას ცხოვრებაშიც მძიმე პერიოდი მას შემდეგ დადგა. შემდეგ მეუღლეს გასცილდა და კარიერაშიც ფეხის ტრამვის გამო პრობლემები შეექმნა. მოვკარი თვალი, წერდნენ ანი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყოო, ტყუილია, მისი კარის მეზობელი ვარ და ის ნასვამი არასდროს მინახავს.
დეპრესია ნამდვილად ჰქონდა და ადრე თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დედას მოკლავდა. ქალი ჯერ არ დაუმარხავთ და მისი და იძახის სახლი უკვე გადავიფორმე ჩემიაო. წარმოუდგენელი რამ ხდება. მეშინია გოგონას ვინმემ განზრახ ხომ არაფერი მოუწყო. მას ახლა დახმარება და კარგი ადვოკატი სჭირდება“, – ამბობს ანი მურადელის მეზობელი.
კოლეგების თქმით, მურადელი კვირის დასაწყისიდან თეატრში არ გამოჩენილა, მას ბიულეტენი ჰქონდა გახსნილი. მათი ინფორმაციით, გოგონას ვირუსი ჰქონდა და 20-21 მაისს რეპეტიციას ვერ დაესწრებოდა.
ანა მურადელმა მომხდარ ფაქტამდე, ერთი კვირის წინ ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა. 13-14 მაისს, ხელოვანმა საბალეტო დადგმაში „გორდა“ აღმოსავლური ცეკვა შეასრულა.
იგი ოპერის სცენაზე ფეხის ტრამვის გამო, მხოლოდ შაბათ-კვირას დაანონსებულ ბალეტზე იღებდა მონაწილეობას.
ოპერის თანამშრომლები ანა მურადელს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მას საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.
„ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, არაჩვეულებრივი და ულამაზესი გოგოა, ჩვენ ყველა შოკში ვართ. არ ვიცით რა მოხდა, საშინელი ტრაგედიაა. არ ვიცით თავად ანი რას ამბობს და რატომ დააკავა ის პოლიციამ. ბოლომდე არ გვჯერა, რომ მან დედა მოკლა.
ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი ფაქტია. დედასთან რაიმე კონფლიქტის შესახებ არც არასდროს უსაუბრია. მისი ასე უაპელაციოდ მკვლელად გამოცხადება არ შეიძლება. როცა ადამიანს დეპერსია აქვს, მას ჩხუბი კი არა დახმარება სჭირდება. გოგონამ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადაიტანა, მას თანადგომა სჭირდებოდა, რომლიც არასდროს ჰქონდა. მისი კოლეგები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს მძიმე დღეები შეგვემსუბუქებინა.
ახლა, მას არავინ აღარ ჰყავს. ვინ დაეხმარება არავინ იცის. სრულიად მარტოა დარჩენილი და არ მგონია, რომ მისმა ნათესავებმა მის გამო თავი დიდად შეიწუხონ. უბრალოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა მოვუწოდო, რომ ერთ უბედურ გოგოზე ხელების შეწმენდას ნუ ეცდებით. გულით მოეკიდეთ მის უბედურებას და საზოგადოებას სიმართლე უთხარით, სინამდვილეში იმ ღამეს რა მოხდა “, – განაცხადა „მეტრონომთან“ საუბრისას დასის ერთ-ერთმა წევრმა.
როგორც ანი მურადელის კოლეგები ყვებიან, ის და მისი მეუღლე, რეზო მაღალაშვილი რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ანას ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია.
რეზო მაღალაშვილი მუსიკოსის და ჯაზმენის ჯარჯი მაღალაშვილის ძმისშვილი და ცნობილი ბალერონის ნუკრი მაღალაშვილის შვილია.
ანა მურადელი ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი, ლევან მურადელი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო „კაპელის“ ერთ-ერთი წევრი იყო. იგი დაახლოებით 5 წლის წინ გარდაიცვალა. დედა, მარინე მინდორაშვილი ასოცირებული პროფესორი იყო. იგი თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობდა.
ბრალდების მიხედვით, ანა მურადელმა თითქოს დედა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.