ახალი ამბები მთავარი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სომხურ სათვისტომოს შეხვდა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ ნებისმიერი თემი, მათ შორის სომხური, აფხაზეთში ერთიანი უნდა იყოს.

ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი მათთვის საერთო სამშობლოა და ერთად უნდა იშრომონ ე.წ. ქვეყნის სასარგებლოდ. “ყოველთვის გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც ჩვენს შორის განხეთქილების ჩამოგდებას შეეცდებიან. ამიტომ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რესპუბლიკის სასარგებლოდ “, – აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.

სომხური დიასპორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივ სომხებს დე ფაქტო პრეზიდენტი ასეთი შემადგენლობით ხვდება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან აფხაზეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

კონფლიქტოლოგმა ლევან გერაძემ “პირველთან” საუბრისას დე ფაქტო პრეზიდენტისა და სომხური სათვისტომოს პირველი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა იმ საფრთხეების შეფასების შედეგია, რომელიც თვითმარქვია რეჟიმის წინაშე შეიძლება მომავალში დადგეს.

“საზოგადოებაში მუხტია და ამ მუხტის გასანეიტრალებლად სხვა შეხვედრებიც იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ გალის რაიონში ქართულ მოსახლეობასთანაც გარკვეული მოძრაობები დაიწყოს”, – აღნიშნა გერაძემ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური სათვისტომოს გავლენა იზრდება და ის ეკონომიკურიდან პოლიტიკურში გადადის.

“სომხური საზოგადოების გავლენა იზრდება, რაც აფხაზეთში ბევრს არ მოსწონს. მეორე ფაქტორია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას სტაბილურობის შენარჩუნება სჭირდება იმ არჩევნების შემდეგ, რაც მათ თავიანთ ეროვნულ კრებაში ჩაატარეს და ნახეს, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიტუაციის გარდატეხა შეძლეს. ანქვაბიც არ არის ხელწამოსაკრავი პოლიტიკური ფიგურა აფხაზეთის რეალობაში და, როგორც ჩანს, რაღაც-რაღაცეები მოსალოდნელია, რასაც ლავროვის ვიზიტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს “, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური სათვისტომო ერთ-ერთი ძლიერია. 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც აფხაზეთში ე.წ. სტატისტიკის სამსახურმა ჩაატარა, სომხები რაოდენობით მესამე ადგილზე არიან აფხაზებისა და ქართველების შემდეგ.

იტვირთბა....