სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია აცხადებს, რომ მისი ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა, სავარაუდოდ, მის საქმიანობას უკავშირდება. მოსამართლე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.
მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემ მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან სამართალდამცველებმა პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას ადვოკატი ესწრებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.