მოსამართლე ნონა წოწორიას და ეთო წოწორია მისი ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას “ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება:
“მე როგორც ნონას დას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას, პატიოსანი და მშრომელი ხალხი თუ ასეთი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდება, რომელ სამართლიანობაზე და მითუმეტეს სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში.
ეს ყველაფერი ბლეფია როგორც ყველაფერი დანარჩენი საქართველოში. ნახონ ჩემი ძმის ხელები და მერე ბოტასების ქურდების ხელებიც. ნონა თუ ადეიშვილის მოადგილე იყო, ეს დანაშაულია? როცა პროკურატურაში მუშაობდა ვინმე დაინტერესდა ნონა სახლში როდის მოდიოდა, რატომ ჰქონდა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მუდამ სამშენებლო მტვერით დასვრილი, იმიტომ რომ ააშენეს ქვეყანა და ჩაბარდათ ამათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
ჩემო დაო!!! საქართველო და ქართველები არ ყოფილან შენი შრომის ღირსები და ღმერთს ვთხოვ შენი ყოველი გათენებული ღამე ამათ ძმრად ამოდინდეთ და არ შეერგოთ სავარძლებში თბილად ჯდომა !!!” წერს ეთო წოწორია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან სამართალდამცველებმა პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას ადვოკატი ესწრებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.