”მეტრონომი” სასამართლოდან
ავტორი: ნინი ცხადაია
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
პროკურატურა კვლავ სხდომის დახურვას მოითხოვს, დაცვის მხარე კი ამის წინააღმდეგია.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას დასამალი აქვს ძალიან ბევრი.
”ახალი არანაირი არგუმენტი არ აქვს პროკურატურას, რომ სასამართლო სხდომა დაიხუროს. სამართლებრივი არგუმენტები გვექნება, რომელსაც დღევანდელ პროცესზე ვიტყვით. მე მიმაჩნია, რომ მოსამართლის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ ეს პროცესი იყოს ღია”-განაცხადა ფანცულაიამ.
სასამართლოში აღნიშნულ პროცესზე დასასწრებად მივიდა დედა სიდონიაც, რომელიც თვლის, რომ ეს საქმე შეფუთულია, თუმცა ვისი მხრიდან, არ იცის.
ის ფიქრობს, რომ პროცესი ღია უნდა იყოს, რადგან რაც უსიამოვნო იყო, ყველაფერი უკვე გასაჯაროვდა.
”საქმეს როგორც ფუთავენ ხოლმე, საზოგადოებას პასუხსაც ისე სცემენ”- აღნიშნა დედა სიდონიამ.
მე აქ მოსული ვარ იმიტომ, რომ მას ქრისტიანული მხარდაჭერა გავუწიო. თავად მამა გიორგის უნდა, რომ არ დაიხუროს . მან უკეთესად იცის ალბათ, რომ არაფერი საზიანო არ გახმაურდება”- აღნიშნა დედა სიდონიამ.