ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები ჩხრეკენ მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლს”

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში, ბათუმში ჩხრეკა მიმდინარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ კახიძე ავრცელებს.

”მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ქართველი სამართალდამცავები ჩხრეკენ ნონა წოწორიას ძმის სახლს, ბათუმში.
საქმის კურსში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი.
როგორც იცით, ნონა წოწორია არის მოქმედი მოსამართლე საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.
იგი მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას – მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.
მოგეხსენებათ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა, რაც გასაჩივრდა დიდ პალატაში და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე დასკვნით ეტაპზეა გიგი უგულავას საქმე. განხილვის პროცესშია რუსთავი ორის საქმეც, სადაც მეოთხე სექციამ ერთხმად შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე.
ამგვარი უაღრესად საეჭვო ფაქტების შესახებ საზოგადოებას აქამდეც სმენია, მხედველობაში მაქვს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ამანათების გაგზავნა, და ა.შ.
ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადააწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს საქართველოს მოსამართლე, არამედ იგი სავალდებულო წესით მონაწილეობს საქმეთა კოლეგიურ განხილვაში.
ასეთი ქმედებებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს ვერ დააშინებენ, პირიქით, გაამყარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის პოლიტიკური ხელისუფლების იარაღი – ანგარიშსწორებისა და უკანონო დევნისათვის”, – აცხადებს ოთარ კახიძე.

იტვირთბა....