სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია აცხადებს, რომ ფინანსური პოლიცია და თავად ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყველაფერს აკეთებენ, რომ მასთან დაპირისპირების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები გააყალბონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც თორდიამ განაცხადა, კაფე „ელ ცენტროში“, სადაც ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ყოფილი მთავარი პროკურორის მაგიდასთან იყო ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა.
„ჩემი ინფორმაციით, მის მაგიდასთან, გარდა მიშა ჩოხელისა, იყო მთელი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა – მოადგილე, საგამოძიებო სამსახურის უფროსი და ა.შ. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ თავის გადასარჩენად. მთელი ფინანსური პოლიციაა მობილიზებული მოწმეებზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – განაცხადა თორდიამ.
მისი თქმით, იმის თქმა, რომ თითქოს მან თვითდაზიანებები მიიღო, აბსურდის თეატრია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი კეთდება მოწმეების ჩვენებების გასაყალბებლად.
„ყველაფერი კეთდება, რომ ოქმები საჯაროდ გამოიტანონ და ყველამ ილაპარაკოს, თუ როგორ ვიყავი მისული ჩემი არყის ქვაბით, როგორ ვხდიდი არაყს და როგორ ვსვამდი პირდაპირ, ხოლო ოთარ ფარცხალაძე როგორ მიირთმევდა ცქრიალა ღვინოს და მხოლოდ დეგუსტაციას ახდენდა. მათი მცდელობაა, ამ ლაბირინთებში დავიკარგოთ“, – განაცხადა თორდიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ეჭვობს, რომ „გამოაქვეყნებენ რაღაც ვიდეოებს და ვიღაცას „ფეისბუქზე“ დააწერინებენ, რომ ლაშა თორდია გაგიჟებული დარბოდა“.
„ამ ფორმატში აღარ ვაპირებ მათთან დისკუსიაში შესვლას”, – აღნიშნა თორდიამ.
მან ასევე ისაუბრა აუდიტის დასკვნის შესახებ, რომელიც ოთარ ფარცხალაძის შესახებ უნდა გამოქვეყნებულიყო და რომელიც მერიას უკავშირდება.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს დაუკმაყოფილეს ყველაფერი, თუმცა სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება მერიის მხრიდან”- განაცხადა თორდიამ.
მისი თქმით, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო კონრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
“ამ დასკვნაში არის დანაშაულის ნიშნები. არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამაზე შემდგომი რეაგირება უნდა მოახდინოს პროკურატურამ. ჩვენ ვერ დავკითხავთ კერძო პირებს, დაკითხვის პროცესში გამოვლინდება, ვინ რა და რის გამო გააკეთა მიწების გადაცემის პროცესში. ჩვენ ვნახეთ, რომ მას დაუკმაყოფილეს ყველაფერი, თუმცა სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება მერიის მხრიდან”, – განაცხადა ფარცხალაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმაში ადანაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.