ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა: 6 ახალ ბანაკს ვაკეთებთ

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საზაფხულო და ზამთრის სასკოლო ბანაკები მოსწავლეებზე დადებით გავლენას ახდენს და მათ სოციალურ უნარებს ავითარებს. სწორედ ამიტომ, როგორც ის ამბობს, იგეგმება უფრო მეტი სასწავლო ბანაკის გაკეთება და შესაბამისად ბანაკებში წამსვლელ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდაც.

“ანაკლიის ბანაკი დარჩება, განვითარდება და მას კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად – ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთ ბანაკს კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე ვაკეთებთ. შევეცდებით ვიპოვოთ ობიექტები, სადაც შესაბამისი საცხოვრებელი პირობებია”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, ყველა უწყებას მანავის სასკოლო ბანაკის განვითარებაზე ზრუნვა დაევალა. მისი თქმით, მანავის ბანაკი უფასო იქნება და ბანაკში წამსვლელ ბავშვებს ყველა მუნიციპალიტეტიდან შეარჩევენ.

“აქამდე მხოლოდ აკადემიური მოსწრება იყო მოსწავლეების შერჩევის საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება. არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნების და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, რაღაც კვოტა წარჩინებულ მოსწავლეებს აუცილებლად ექნებათ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოხვდეს ბანაკში. საუბარია 100 ათასამდე ბავშვზე, როცა შარშანდელი ციფრი გვაქვს 3-4 ათასი ბავშვი,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ბანაკში 1 ბავშვის 1 დღით წაყვანა, სახელმწიფოს დაახლოებით 60 ლარამდე უჯდება.

იტვირთბა....