ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 10:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის პარალელურადაც მეორე აქციას სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლი მართავს. მთავრობის კანცელარიის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, პოლიციამ ლგბტ თემის წარმომადგენლები უსაფრთხოდ გაიყვანა.
ადგილზე მისული სასულიერო პირი მამა დავითი “მეტრონომთან” საუბრისას ამბობს, რომ მათი მთავრობის კანცელარიასთან მისვლის მიზეზი ის არის, რომ ამ ადამიანებს აუხსნან, რომ მათ მიერ გამართული აქცია ცოდვაა.
“ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ამ ხალხს შევაგნებინოთ – რასაც აკეთებენ დიდი შეცდომა და სირცხვილია. ღმერთი რაზეც იტყვის რომ ცოდვაა, ვინც არ უნდა ეცადოს მის გამართლებას აზრი არა აქვს. ეს ითვლება ცოდვად და მორჩა. დღეს კი ეს ადამიანები აქ შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ თქვენც თუ ჩვენნაირები გახდებით უკეთესი იქნება. ამათ არაფრის რცხვენიათ, ცოდვა ადამიანს უტიფარს ხდის. ვინც კი მათ ამ ყველაფერში ხელს უწყობს, ღმერთის წინაშე პასუხს აგებს. აქ იმიტომ მოვედით, რომ თქვენ, ჟურნალისტები მოსულიყავით და ეს გვეთქვა, რადგანაც სხვაგვარად არ მოხვიდოდით”, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას სასულიერო პირმა.
პოლიციამ აქცის მონაწილე ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლები სავარაუდოდ, მთავრობის კანცელარიიდან ავტობუსებით პოლიციის თანხლებით გამოიყვანეს. როდესაც ტერიტორიიდან აღნიშნული ავტობუსები გამოჩდნენ, ისინი სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელმა მრევლმა შეძახილებით და ტაშით გააცილა.
შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა საპატრულო პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა. აქციის მიმდებარედ პოლიცია არავის უშვებდა, რადგანაც პარალელურად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა, რომლებიც მთავრობის კანცელარიასთან იყვნენ მისულები და კონტრაქციას მართავდნენ.