ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფარცხალაძის ადვოკატი: თუ თორდია ნაცემი იყო, იმ ღამესვე პოლიცია და სამედიცინო დახმარება რატომ არ გამოიძახა?

ყოფილი  გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა ჟურნალისტებს მტკიცებულებები გააცნეს. მათი თქმით,  ისინი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებენ და აცხადებენ, რომ ფარცხალაძესა და თორდიას შორის ინციდენტი საერთოდ  არ მომხდარა. ადვოკატები ამბობენ, რომ გამოკითხეს თვითმხილველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფარცხალაძესა და თორდიას შორის ინციდენტი საერთოდ არ ყოფილა. მათი თქმით, ფარცხალაძეს თორდიამ მისალმების ფორმა დაუწუნა და ფარცხალაძის დაცვამ ინციდენტის განეიტრალება სცადა. ამის შემდეგ  კლუბში თორდიამ კიდევ რამდენიმე საათი დაჰყო. ადვოკატების განცხადებით, საინტერესოა თუ თორდია ნაცემი იყო, მან სამედიცინო დახმარებას მაშინვე რატომ არ მიმართა.

,,რეალობა სულ სხვაა, ხოლო თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არის მცდარი, რაც დასტურდება თვითმხილველთა ჩვენებებით. გამოკითხული პირი განმარტავს,რომ ის რაც მან ნახა საკუთარი თვალით ინციდენტსაც ვერ უწოდებს, რადგან დაიწყო და გრძელდებოდა ეს რამდენიმე წამი და ამ ინციდენტში ფარცხალაძეს მონაწილეობა არც მიუღია. ასევე მცდარია ინფორმაცია, რომ ჩხუბში 10 ადამიანი მონაწილეობდა. “- აცხადებს ფარცხალაძის ადვოკატი.

ფარცხალაძის ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ თორდიას ბრალდებები პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული და ის ამ საქმის პოლიტიზირებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, 12 მაისს თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....