სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის გამოკითხვა დღეს განახლდება. ლაშა თორდია გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყება მომხდარი ფაქტის გადაფარვის მიზნით სხვა საკითხებზე აკეთებს აქცენტს. თორდიას ამის თქმის საფუძველს, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების სტუმრობა აძლევს.
გუშინ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო. გამოძიებლები ლაშა თორდიასთან, მომხდარის თაობაზე გამოკითხვის მიზნით, პირველად, 14 მაისს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მივიდნენ. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაკითხვის დასრულება ვერ მოხერხდა. თორდია კლინიკიდან გუშინ გაწერეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.